27 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს 10.00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.
"ღვთის მადლით, საზეიმო წირვაში მე მივიღებ მონაწილეობას. გამობრძანებული იქნება წმინდა ნინოს ჯვარიც", - ბრძანა უწმინდესმა.
წმინდა ნინოს მისიონერული მოღვაწეობა განუგრძია ქართლის სამეფოს სხვა კუთხეებშიც. ერისთავის, სამღვდელოებისა და ჯარის თანხლებით ნინო მთიანეთშიც ასულა და წილკნელები, ჭართალელები, ფხოველები და ერწო-თიანეთელებიც გაუქრისტიანებია. უკან დაბრუნებისას ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ახლანდელი ბოდბე) გარდაიცვლილა, სადაც დაუკრძალავთ კიდევაც.
ბოდბის სამონასტრო კომპლექსში, მის საფლავზე, როგორც საფლავის ძეგლი, დგას წმინდა გიორგი ძლევამოსილის და წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი - IX საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი კი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება.
ყოველწლიურად, ზაფხულში, ახალგაზრდობის დიდი ჯგუფი საქართველოს განმანათლებლის, მოციქულთა სწორის კვალდაკვალ გზას მიჰყვება. მარშრუტი სრულად შეესაბამება იმ გზას, რომელიც წმინდანმა საქართველოსკენ გამოიარა.
მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში წმინდა ნინოს სახელობის ხუთი ტაძარია, სადაც ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. საზეიმო წირვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება.