გეოგრაფიული თავისებურებანი
გლდანის ტერიტორია მდებარეობს საგურამო-იალნოს ქედის სამხრეთი კალთების ძირში,მდ. გლდანისხევისა და ხევძმარის ნაპირებზე. იგი წარმოადგენს თბილისის ქვაბულის პერიფერიულ ნაწილს,ზღვის დონიდან 580-680 მეტრის ფარგლებში.რელიეფი. გლდანის რეგიონის ძირითად ფონს ქმნიან განედურად განვითარებული ქედები,აგრეთვე მათ შორის მოქცეული ვაკე ჩადაბლებები და ხეობები. რელიეფის ძირითად ფორმებს ქმნიან გორაკ-ბორცვები, მცირე სიღრმის ქვაბულები და ვაკეები. მთავარი ოროგრაფიული ერთეული არის საგურამო-იალნოს ქედი.ნიადაგები. ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებისა და კერძოდ, ზედაპირის საკმაოდ დანაწევრების გამო, გლდანისა და მისი მიდამოების ნიადაგები სხვადასხვაობით გამოირჩევა. ტყის მოსპობამ და ნიადაგის არაწესიერმა გამოყენებამ, ზოგან ფერდობების დიდმა დახრილობამ გამოიწვია ეროზიული პროცესების გაძლიერება და ამის გამო ალაგ-ალაგ ძლიერ ჩამორეცხილი ადგილებია.
მიდამოების ლანდშაფტები გამოირჩევა მრავალფეროვნებით, რაც განპირობებულია მისიბუნებრივი კომპლექსების განსხვავებული ფიზიკურ-გეოგრაფიული რეგიონის მიჯნაზე მდებარეობით. ვახუშტი ბაგრატიონი გლდანის რეგიონს ყოფს ზონებად: პირველი- მთიანი,ტყით შემოსილი, ნადირით მდიდარი და მცირეწყლიანი. მეორე - უფრო დაბალი ზონა სოფელ გლდანამდე, სადაც არის მთიანი დასახლებები, დაბები. ხოლო მესამე-ქვედა ზონა გამოირჩევა ნაყოფიერი ხილი,პირუტყვით,ფრინველით, ტყითა და მთით. ამჟამად რეგიონში ვაკიან და გორაკ-ბორცვიან ნაწილში ჩამოყალიბებულია აღმოსავლეთ საქართველოს სტეპებისათვის დამახასიათებელი,ხოლო მთიან ნაწილებში - მთა-ტყის ლანდშაფტები, რომლებიც სიმაღლებრივ ზონებს ქმნიან. ადამიანის მრავალსაუკუნოვან სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით პირველადი ბუნებრივი ლანდშაფტები დარღვეულია და საკმაო ტერიორიაზე შექმნილია ანთოპოგენური ლანდშაფტებს სახესხვაობები.ჰავა. გლდანის ჰავა დიდად არ განსხვავდება თბილისისა და მისი მიდამოების ჰავისგან. იგი მშრალი და კონტინენტურია. ზამთარში თოვლის საბურველი ცვალებადია და გორაკ-ბორცვები ზოგჯერ თეთრად არის დაფარული, იმ დროს,როცა დაბალი ადგილები თოვლს მოკლებულია. ზამთარში ხშირია ქარები,რომელიც ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებისაა. გაზაფხულიდან ზაფხულისაკენ გარდამავალი პერიოდი შეუმჩნეველია,რაც უმთავრესად მთა-ბარის გავლენითაა გამოწვეული. ნალექები წლის განმავლობაში არათანაბარია. მეტი ნალექიანობით ხასიათდება გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი. ზამთარი მშრალია,განსაკუთრებით იანვარი, აგრეთვე ზაფხულის მეორე ნახევარი.
მდინარეები და ტბები. მცირე ატმოსფერული ნალექები, ინტენსიური აორთქლება და მწირი მცენარეული საფარი,ჰიდროგრაფიული ქსელის განვითარების არახელსაყრელ პირობებს ქმნის. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა არ უზრუნველყოფს მდინარეთა საზრდოობას მთელი წლის მანძილზე.ამასთან, რელიეფის დახრილობაც დიდი არ არის,რის გამოც ჰიდროგრაფიული ქსელი სუსტად არის განვითარებული. მთავარი მდინარეა გლდანისხევი,რომელიც ძირითადად საზრდოობს წვიმის წყლით, ამიტომ შედარებით წყალუხვი გაზაფხულზეა. გლდანის ტერიტორიაზე რამდენიმე ტბა არის განლაგებული. ერთ-ერთ მათგანს დიდი ტბა ჰქვია. ტბის წარმოშობა ტექტონიკურია და მისი საზრდოობა ატმოსფერულ ნალექებზეა დამოკიდებული. კიდევ ერთი ტბა,რომელსაც მლაშე ტბას უწოდებენ მდებარეობს ნასოფლარ მამკოდის სამხრეთით 2 კილომეტრის დაშორებით.