პრობლემები
გლდანის რაიონს პრობლემები არასდროს მოჰკლებია. ძირითადი საკითხი, რაც
მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა, იყო ტრანსპორტი. წლების განმავლობაში აქაურ მცხოვრებლებს
უხდებოდათ ფეხით გაევლოთ დიდი მანძილი და შემდეგ ესარგებლათ ტრანსპორტით. მეტროპოლიტენის
სადგურის გახსნის შემდეგ შედარებით გამოსწორდა სიტუაცია. ნაბიჯ-ნაბიჯ ქალაქთან დამაკავშირებელი
სამარშრუტო ხაზებიც მომრავლდა და ხალხმაც ამოისუნთქა.
მეორე და მძიმე პრობლემა იყო მიკრორაიონების შიდა გზები. ძალიან დიდხანს
გლდანელებს უწევდათ ტალახის დიდი გუბეების „გადაცურვა“, რომ დანიშნულების ადგილისკენ
გაეკვლიათ გზა. ეს საკითხი დღესდღეობით თითქმის მოგვარებულია, მაგრამ მაინც რჩება გზები,
რომლებიც დღესაც ავარიულ მდგომარეობაშია.
დიდ პრობლემას უქმნის დღესაც გლდანს სანიაღვრე სისტემა. წინა საუკუნის
90 -იან წლებში გაიკაფა მამკოდის მიმდებარე ტყეები, რამაც გამოიწვია ფერდობების ჩამორეცხვა.
ჩამორეცხილი ნაკადი მოხვდა სანიაღვრე სისტემაში და მისი პარალიზება გამოიწვია. რამდენჯერმე
მოხდა ამ სისტემის რეაბილიტაცია, მაგრამ საქმეს ვერ ეშველა. დიდი წვიმის დროს იტბორება
ქუჩები და განსაკუთრებით მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია.
როგორც ცნობილია ქ. თბილისის მერიის თანადგომით დაწყებულია კორპუსების
გადახურვის პროცესი, მაგრამ სახურავის განახლება დღესაც მრავალ კორპუსს ესაჭიროება.
მოუწესრიგებელია სადარბაზოები, რადგან საცხოვრებელი კორპუსების რეალიზაციაში გადაცემის
დღიდან არავის უზრუნია მის გალამაზებაზე.
სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს უკანონო მოშენებები, რომლებიც საფრთხეს
წარმოადგენს მაცხოვრებლებისთვის. ერთ-ერთი ასეთი საფრთხის შემცველი მიშენებაა „ა“ მიკრორაიონის
63 „ა“ კორპუსი, რომელიც სურათზეა აღბეჭდილი. კორპუსის მაცხოვრებლები ითხოვენ ყურადღებას
მერიისაგან, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
მიუხედავად იმისა, რომ დასუფთავების სამსახური კარგად ასრულებს თავის მოვალეობას და დღის განმავლობაში რამდენჯერმე
ხდება სანაგვე ბუნკერების გაცლა, იგვება და სუფთავდება ქუჩები და კორპუსების მიმდებარე ტერიტორიები,
მაინც დიდ პრობლემად რჩება დასუფთავების საკითხი. ჩვენი აზრით ეს ქალაქის ზოგადი პრობლემაცაა.
ძალიან არ გვსიამოვნებს ამის აღიარება, მაგრამ მცირე გამონაკლისის გარდა, არავინ უფრთხილდება
გარემოს სისუფთავეს. შესაძლოა ადამიანები თავიანთ ბინებში იდეალურ სისუფთავეში ცხოვრობენ,
მაგრამ ქუჩაში არ არიდებოდნენ ნაგვის დაყრას. ეს მიგვაჩნია მენტალურ პრობლემად (არა
მარტო გლდანისთვის). რამდენიმე წლის წინ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ქუჩების
დაბინძურებისთვის ჯარიმას აკისრებდა მოქალაქეებს, მაგრამ კანონის დამცველი არავინ გამოჩნდა.
ჩვენი აზრით მხოლოდ დიდი ჯარიმის შიშით შეიძლება ქართული ცნობიერებიდან ამოიძირკვოს
საცხოვრებელი გარემოს დაბინძურების ჩვევა.
ჯერ კიდევ არსებული და დაუძლეველი სოციალურ-ეკონომიური პრობლემების გამო, დიდ პრობლემად
რჩება გლდანელებისათვის მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის უწესრიგობა. აღნიშნული
ტერიტორია დაკავებული აქვთ გარემოვაჭრეებს და აფერხებენ მოძრაობას. მიუხედავად სამართალდამცველების
ხშირი კონტროლისა, დროებით განთავისუფლებულ ტერიტორიას მალევე იკავებენ გარემოვაჭრეები.
ერთადერთი მიწიქვეშა გადასასვლელი, რომელიც მერტოსადგურს მუხიანის მხარესთან აკავშირებს
მუდმივად „გაუვალია“, არ ხდება მისი ვენტილაცია და უსუფთაოა. ამიტომ მოქალაქეებს ურჩევნიათ
არ ისარგებლონ ამ გადასასვლელით, მაგრამ მეტროდან ამოსულებს მეორე პრობლემა ხვდებათ,
თანაც არანაკლებ სერიოზული. გზის გადაკვეთა ორივე მხარეს დიდ სირთულეს წარმოადგენს.
გადასასვლელს არ არეგულირებს შუქნიშანი (როგორც გვითხრეს ეს დიდ საცობებს შექმნიდა),
ამიტომ ადამიანები მუდმივად დიდი შიშის ქვეშ ახერხებენ გზის გადაჭრას.
რაიონის ყველაზე დიდ პრობლემა იყო ნაგავსაყრელი. მოგეხსენებათ ნახევარი
ქალაქის ნაგავი იყრებოდა გლდანის ნაგავსაყრელზე და შემდეგ ამ ნაგავს წვავდნენ. დაწვის
შედეგად წარმოიქმნებოდა საშინელი კვამლი, რომელიც საბანივით ეხურებოდა მთელ გლდანს.
არაერთხელ იყო ამაზე საპროტესტო
აქციები და თხოვნა ქალაქის ხელმძღვანელების მიმართ, როგორც ჩანს საზოგადოების პროტესტმა
შედეგი გამოიტანა და პრობლემაც გადაიჭრა.
მაგრამ ეს ყველაფერი მიგვაჩნია ადვილად გამოსწორებად პრობლემად. ყველაზე
მნიშვნელოვანი მაინც სოციალური ფონია. ჩვენს რაიონში ადრე ფუნქციონირებდა რამოდენიმე
ფაბრიკა-ქარხანა, სადაც აქაურები იყვნენ დასაქმებული, მაგრამ დღესდღეობით მოქალაქეების
უმრავლესობა უმუშევარია, რაც იწვევს ზოგად ეკონომიურ კრიზისს.
ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ სკოლის მოსწავლეებს უფლება გვაქვს რაიმე
ვუკარნახოთ იმ ადამიანებს, ვისზეც დამოკიდებულია ქვეყნის მართვა, მაგრამ ვიცით, რომ
უფლება გვაქვს ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც სწავლაც, შრომაც და დასვენებაც სიხარულს
მოგვანიჭებს. გვინდა ჩვენი რაიონის „რუხი ფერი“ ნათელი ფერებით შეიცვალოს და სულ მალე
სიამაყით ვთქვათ: - „ჩვენ გლდანელები ვართ“.
პერსპექტივა
რას გვპირდება მომავალი
? როგორს ვხედავთ გლდანს 10-20 წლის შემდეგ ? რა პერსპექტივები აქვს რაიონს ? რა როლი
გვეკისრება ჩვენ, მომავალ თაობას გლდანის განვითარებაში ?
ეს რთული კითხვები
დროულად ითხოვენ კომპეტენტურ და დამაჯერებელ პასუხებს. ჩვენ თუ არა სხვამ ვინ უნდა
იზრუნოს ჩვენს მშობლიურ რაიონზე ?.
გლდანის განვითარების
ტემპები: მომრავლებული სავაჭრო ცენტრები, კულტურულ-გასართობი ადგილები, კერძო სკოლები;
ეს გვაფიქრებინებს, რომ გლდანი ვითარდება და წინ მიდის, მაგრამ არ გვინდა ეს ყოველივე
ფასადური აღმოჩნდეს.
გლდანს სჭირდება
მეტი ყურადღება, მეტი გულშემატკივარი ქალაქის მხრიდან. ამ მრავალათასიან დასახლებას უნდა ჰქონდეს განვითარების პერსპექტივა.
უპირველეს ყოვლისა
მოსახლეობის დიდ ნაწილს სჭირდება დასაქმება. იმედია ახალი მთავრობის ეკონომიკური რეფორმები
მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლებისკენ იქნება მიმართული.
ვიცით, რომ კიდევ
მრავალი პროექტის განხორციელება იგეგმება ჩვენს რაიონში. ეს კი საფუძველს გვაძლევს
ვიფიქროთ: ჩვენ წინ მივდივართ ! .