ისტორია

                                       სახელის წარმოშობა

ისტორიულ წყაროებში გლდანი პირველად მოხსენიებულია თამარ მეფის ისტორიკოსის ბასილი ეზოსმოძღვრის თხზულებაში ‘’ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი’’. ამის შემდეგ სახელწოდება გლდანი არაერთ წყაროშია მოხსენიებული. XVIII საუკუნის ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი რამდენჯერმე მოიხსენიებს ამ დასახლებულ პუნქტს  ‘’გრდანის’’ სახელწოდებით. ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილ თქმულებათა შორის ერთერთის  მიხედვით ვახტანგ მეექვსის ლაშქარმა გლდანთან დაამარცხა ლეკების ლაშქარი და იქვე მდებარე ‘’წვეტიან ქვასთან’’ მოკლა ლეკების სარდალი გალდანი, რის შემდეგაც ამ დასახლებას გალდანი უწოდეს,რომელიც შემდეგ გლდანის სახელით შეიცვალა. თუმცა აღსანიშნავია,რომ თვით ფაქტი და მოვლენა სახელწოდების წარმოშობის დაკავშირებაზე ყოვლად გაუმართლებელია,რადგან ეპოქები ერთმანეთს არ ემთხვევა.
სახელწოდების თავდაპირველი ფორმა უნდა ყოფილიყო გარდანი. გარდანი ნიშნავს გარდამავალს - მთისა და ბარის თავშეყრის ადგილს. სწორედ მთასა და ბარს შორის გარდამავალ ზონაში მდებარეობს გლდანი.  სახელწოდება გარდანიდან ჯერ ამოვარდნილა პირველი ხმოვანი ა,შემდეგ რ ქცეულა ლ და საბოლოოდ გლდანის სახელით გარდაქმნილა.

საუკუნეების კვალდაკვალ

      გლდანის რეგიონი უძველესი პერიოდიდან ყოფილა დასახლებული. მთელი ამ ხნის  მანძილზე მან ისეთივე ბედი გაიზიარა, როგორც თბილისმა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ადგილებმა, რომელთა ისტორიიდან იგი არასოდეს ყოფილა ამოვარდნილი. მიუხედავად ამისა, მრავალჯერ მტრისაგან განადგურებული ძალას იკრებდა, მტერს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უმართავდა, ცხოვრება დროდადრო ჩვეულ რიტმში დგებოდა და ძველებურ სიდიადეს უბრუნდებოდა.
გლდანის მიდამოებში მრავალი ნასოფლარია. არც ისე დიდი ხნის წინათ დასახლებული პუნქტები იყო ვეჯინი, მამკოდა, მშრალხევი, ლელუბანი.გაცილებით ძველი ნასოფლარებია - დიდმანიანი, პატარა მანიანი, ზედავაკე, ნატუსები, საყინულე და სხვა.
საუკუნეების განმავლობაში გლდანის რეგიონი ხან კახეთის, ხან ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. მემატიანე გლდანის შესახებ მოგვითხრობს თამარის მეფედ კურთხევის დროს. 
     მე-15 საუკუნის შემდეგ გლდანი კახეთის სამეფოს შემადგენლობაშია და ყმა-მამულების ნაწილი კახეთის თავადებს ჯანდიერისშვილებს ეკუთვნით, ხოლო ნაწილი სვეტიცხოვლის მონასტრის საკუთრებაა.
მრავალი მასალაა გლდანის შესახებ გასული საუკუნის პერიოდულ პრესაში. გაზეთ „დროებაში“ (1885 წ. №180 ), ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ისტორიის მკვლევარი ზაქარია ჭიჭინაძე წერდა: „თბილისის ახლო-მახლო სოფლებში გლდანისა და დიღომისთანა ნაყოფიერი და სარგებლიანი სოფლები, მგონი, არც ერთი არ უნდა იყოს. ეს ორი სოფელი მართლაც, ხომ სანაქებონი არიან, როგორც ვენახებით, ისე ჰაერით, ერბოთი და წყლით. 
გლდანის ბუნება, მისი ნაყოფიერი ველები და მოსახლეობის შრომითი საქმიანობა ისტორიულად ცნობილია.
გლდანში, გასული საუკუნის მიწურულს დაარსდა სამი კლასისაგან შემდგარი სკოლა, სადაც ისწავლებოდა - ქართული, რუსული და საღმრთო რჯული. ამ სასცავლებლის ხელმძღვანელი იყო ქართველი პედაგოგი გიორგი ფარადაშვილი. ამ სკოლაში არაერთი გამოჩენილი ადამიანი აღიზარდა:  პროფესორები შალვა გოგიძე, კარლო მგალობლიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ექიმი ეკატერინე გიორგობიანი და სხვა მრავალი.
გლდანში დასახლდნენ და ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარეს ცნობილმა აკადემიკოსმა შალვა ნუცუბიძემ, სადაც ახლა მისი სახლ-მუზეუმია გახსნილი და პროფესორმა ზაქარია მაისურაძემ.
თუ მე - 19 საუკუნის ბოლოს გლდანში 150 კომლი ცხოვრობდა, 1926 წლის მოსახლეობის აღწერით 288  კომლი (1277 სული) ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ გლდანი 1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ავჭალის სასოფლო საბჭოში შედიოდა.
გლდანის ტერიტორიაზე უკანასკნელ წლებში აშენდა რიგი საცხოვრებელი მასივები. მათ შორის, გლდანის დასახლება (8 მიკრორაიონი), მუხიანის დასხლება (5 მიკრორაიონი), გდანულა და სხვა. გარდა ამისა, გლდანშია აგრეთვე „ა“ მიკრორაიონი.
გლდანის დასხლების მშენებლობისათვის თავდაპირველად გამოყოფილი იყო 750 ჰექტარი ფართობი. პროექტის ავტორია არქიტექტორი თემურ ბოჭორიშვილი. პროექტის მიხედვით    
საცხოვრებელი მიკრორაიონები განლაგებულია ხაზობრივად გავნითარტებული საზოგადოებრივი ცენტრის ორივე მხარეს. ცენტრის სიგრძე 2,5 კმ-ია. სამწუხაროდ პროექტი ბოლომდე ვერ განხორციელდა.
გლდანის დასახლების შემდეგ, 1983 წელს შეიქმნა ახალი დასახლება მუხიანში. მალე აღნიშნულ დასახლებებს შეემატა გლდანულა და III-ა მიკრორაიონი.
გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ომამდე მწყობრში ჩადგა რამდენიმე ქარხანა: 1934 წელს ამოქმედდა ქარხანა „ცენტროლიტი“, 1940 წელს ორგანიზებული იქნა ავჭალის შამპანური ღვინოების ქარხანა, 1941 წელს ექსპლოატაციაში გადაეცა ჩაის საწონი ფაბრიკა. 1954 წელს მწყობრში ცადგა კონიაკის ქარხანა, 1967 წელს საფუარის ქარხანა, 1978 წელს სამკერვალო ტრიკოტაჯის ფაბრიკა, 1984 წელს ჩაის კომბინატი „ბახმარო“ და სხვა.
მართალია ჩამოთვლილი და სხვა საწარმოები ამჯამად მთელი დატვირთვით არ მუშაობენ, მაგრამ რაიონის ეკონომიკის განვითარების შემდგომი პერსპექტივები გარდაუვალია.
1979 წელს გლდანში შეიქმნა თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი რომელსაც 1987 წლის 14 იანვარს გამოჩენილი ქართველი რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელი მიენიჭა.
გლდანის რაიონშიკულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა საკმაოდ ფართო ქსელია. მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 22 საშუალო სკოლა, სადაც 20000 -ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.
დღესდღეობით გლდანის რაიონს გააჩნია განვითარებული ინფრასტრუქტურა და განაგრძობს განვითარებას.